უძრავი ქონების ბაზარი და BK Holding-ის შედეგები: ირაკლი ბურდილაძის შეფასება BMG-ზე
16 Sep 2026
უძრავი ქონების ბაზარი და BK Holding-ის შედეგები: ირაკლი ბურდილაძის შეფასება BMG-ზე
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის უახლესი კვლევის თანახმად, 2026 წლის ივლისში თბილისის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა. ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ხელი შეუწყო გაუმჯობესებულმა სენტიმენტებმა და ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება BK Holding-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ BMG-ის “უძრავი ქონების პროსპექტში” შეაფასა.
“უძრავი ქონების ბაზრის ზრდა მიმდინარე წელსაც გრძელდება. Galt & Taggart-ის თანახმად, პირველ შვიდ თვეში ბაზრის მოცულობა წლიურად 27%-ით გაიზარდა, მათ შორის მზარდია გარიგებების რაოდენობა და ფასები. ეს ტენდენცია ჩვენს კომპანიაშიც იგრძნობა - წელს, გაყიდვები წლიურად 40%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია.
მოთხოვნის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ისაა, რომ თბილისში საბინაო ფონდის დაახლოებით 70% ამორტიზებულია და საჭიროებს ჩანაცვლებას. ბუნებრივია, როცა ეკონომიკა და შინამეურნეობების შემოსავალი იზრდება, ადამიანები გარემოს აუმჯობესებენ, ანუ გადადიან უკეთეს, ახალაშენებულ კორპუსებში”, - განმარტავს BK Holding-ის მმართველი პარტნიორი.
“წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 8% იყო, უძრავი ქონების ფასები კი ნომინალურად 9%-ით გაიზარდა. გამოდის, რომ უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკას მიჰყვება.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობის ბინები არის გაყიდული მიმდინარე პროექტებში. Galt & Taggart-ის თანახმად, წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 80% გაყიდულია; მომავალი წლის პროექტებში გაყიდულია ბინების 66%, ორ და სამ წელიწადში დასასრულებელ პროექტებში კი ეს მაჩვენებელი 60%-ია.
ეს პარამეტრები მიგვანიშნებს, რომ მოთხოვნა ჯანსაღია. საბოლოო მყიდველი ის ადამიანია, ვინც ბინაში ცხოვრებას გეგმავს. თუმცა თუ ვსაუბრობთ ადრეულ ეტაპზე არსებულ პროექტებზე, რომლებსაც დიდი ამონაგების პოტენციალი აქვთ, პროექტებში ასევე შემოდიან ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები”.
BK Holding-ის მმართველმა პარტნიორმა ინტერვიუში ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანიის პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ბურდილაძის თქმით “თეთრი კვადრატი” უბნის კონცეფციის პროექტებზე მუშაობს და ამჟამად 500,000 კვადრატული მეტრის ფართობის თერთმეტ პროექტს ახორციელებს, რითაც რიგით მეორე დეველოპერია ქვეყანაში.